კომპანია „ფაიზერი“ აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოს, „კოვიდ-19“-ის ვაქცინის მესამე დოზის ავტორიზაციისთვის მოთხოვნით მიმართავს. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ აცრიდან ექვს თვეში კორონავირუსით ინფექციის რისკი კვლავ იზრდება. ამასთან, საშიშროებას ქმნის ე.წ. დელტა ვირუსი. კომპანიაში აცხადებენ, რომ ვაქცინის მესამე დოზით აცრის შემთხვევაში, ადამიანის ორგანიზმში მინიმუმ ხუთჯერ და მაქსიმუმ 10-ჯერ მეტი ანტისხეულები გამომუშავდება. „ფაიზერის“ წარმომადგენელთა თქმით, ვაქცინის მესამე დოზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული ადამიანებისთვის. „ფაიზერის“ სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიკაელ დოლსტენი ამბობს, ისრაელში ეპიდვითარების გაუარესების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ვირუსით იანვარსა და თებერვალში აცრილი მოქალაქეები ინფიცირდებიან. კომპანიაში ამბობენ, რომ ისრაელში ჩატარებული კვლევის შედეგებს ისინი უახლოეს ხანში გამოაქვეყნებენ. ამასთან, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ამერიკელებს, რომლებიც ორჯერ აიცრნენ, ვაქცინის დამატებითი დოზა ამ ეტაპზე არ სჭირდებათ. თუმცა, ისინი მზად არიან, განიხილონ დამატებითო დოზის ავტორიზაცია, თუ ამის მეცნიერულად დადასტურებული საჭიროება დადგება.