facebook-ის ყველაზე ხანგრძლივი და მასშტაბური შეფერხება. სოციალური ქსელების მუშაობა განახლებულია. დაახლოებით 7 საათის განმავლობაში „ფეისბუქის“, „ვოტსაპისა“ და „ინსტაგრამის“ სერვისები მომხმარებლებისთვის გათიშული იყო. სამივე ქსელმა, რომლებიც საერთო ინფრასტრუქტურაზე მუშაობს, მასშტაბური ხარვეზის გამო მუშაობა სრულად შეწყვიტა. როგორც კომპანიაში განაცხადეს, პრობლემები გამოიწვია ცვლილებების შეტანამ ძირითად კონფიგურაციაში, რომლებიც მონაცემთა ცენტრებს შორის გადატვირთვის კოორდინაციას ახორციელებენ. ქსელური ტრაფიკის დარღვევამ კი გავლენა იქონია კომპანიის მონაცემთა ცენტრებს შორის კავშირებზე. კომპანიის განცხადებით, მათ არ გააჩნიათ რამე მტკიცებულება, რომ აღნიშნული შეფერხების გამო მომხმარებელთა პირად მონაცემებს საფრთხე შექმნა. მხოლოდ სოციალურ ქსელ „ფეისბუქს“ მთელ მსოფლიოში სამ მილიარდამდე მომხმარებელი ჰყავს. სამივე პლატფორმის მუშაობა ამ დროისთვის აღდგენილია.