რუსეთის ფედერაციამ საქართველოს 6 სექტემბრამდე 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.
გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო. საუბარია ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე. რუსეთის ფედერაციას ვალდებულების შესასრულებლად საბოლოო ვადა განესაზღვრა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც ზედამხედველობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას, 2021 წლის 7-9 ივნისის სხდომაზე ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი შეაფასა და გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილების თანახმად, კომიტეტმა რუსეთს განუსაზღვრა საბოლოო ვადა – მიმდინარე წლის 6 სექტემბერი – რათა ამ ვადაში განხორციელდეს კომპენსაციის გადახდა პირდაპირ საქართველოს ხელისუფლებისთვის მსხვერპლთათვის გასანაწილებლად, ან რუსეთის მიერ ხელი უნდა მოეწეროს მემორანდუმს, რათა შესაძლებელი გახდეს კომპენსაციის გადახდის განხორციელება ევროპის საბჭოს მეშვეობით. მიმდინარე წლის მარტისა და ივნისის სხდომებზე რუსეთის პოზიცია აღარ ყოფილა თანხის გადახდის უარყოფა და ამის ნაცვლად, გამოთქვა მზადყოფნა, დაზარალებულებისთვის გადასახდელი კომპენსაცია ჩარიცხოს ევროპის საბჭოს ანგარიშზე და ამ მიზნით გააფორმოს მემორანდუმი ევროსაბჭოსთან. მინისტრთა კომიტეტი დეპორტირებულების საქმის განხილვას უახლოეს სხდომაზე 2021 წლის სექტემბერში განაახლებს.