დიპლომატებს არადიპლომატიურ ქცევაზე მიუთითებენ.
უცნობია, მოჰყვება თუ არა მწვავე განცხადებების გარდა „ქართული ოცნებისგან“ სხვა რეაგირება ლიეტუვის, ესტონეთის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელ გამოსვლებს. ევროკავშირის ოთხი ქვეყნის პირველი დიპლომატები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მივიდნენ და დემონსტრანტებს სიტყვით მიმართეს. „მარტო არ ხართ“ – ასეთი იყო მთავარი გზავნილი. გაივლო პარალელები პოსტ-საბჭოთა ქვეყნების უახლეს ისტორიასთან, განსაკუთრებული რეზონანსი მოჰყვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, სადაც მან ვარდების და ნარინჯისფერი რევოლუციები ახსენა. იყო კრიტიკული გზავნილები ხელისუფლების მიმართ. მმართველი პარტია ევროპელ პარტნიორებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს და ხუთი ევროპული ქვეყნის დეპუტატების მსგავსად, მათ გუშინდელ ქცევას ანტისამთავრობო აქციაში მონაწილეობად მიიჩნევს. მინისტრების გზავნილებიდან „ქართული ოცნების“ ლიდერებმა პოლარიზაციის ზრდის და რევოლუციის მოწყობის სურვილიც ამოიკითხეს. ლიეტუვის, ესტონეთის და ისლანდიის პირველ დიპლომატებთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელიც. თუმცა,
ბაიბა ბრაჟე აქციაზე ცალკე მივიდა და სცენაზე სიტყვით არ გამოსულა.