ევროპაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ევროპაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა საფრანგეთში მოხდა. ახალი კორონავირუსის მსხვერპლი ჩინელი ტურისტია, რომელიც საფრანგეთში სამოგზაუროდ იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები აქამდე იაპონიაში, ჰონგ კონგსა და ფილიპინებში დაფიქსირდა, დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი 450-ს გადააჭარბა.
კორონავირუსის შემთხვევები ამ დროისთვის მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა. პირველი შემთხვევა გამოვლინდა აფრიკაში – დაინფიცირების შესახებ ეგვიპტეში განაცხადეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად მთავრობებმა და ფარმაცევტულმა კომპანიებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ ძვირი და რისკიანი სამუშაო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ახალი ვაქცინის შესაქმნელად, ასობით მილიონი დოლარი იქნება საჭირო.