ევროპარლამენტმა დაამტკიცა საგარეო და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის იმპლემენტაციის ყოველწლიური ანგარიში. 37-გვერდიან დოკუმენტში საქართველო არაერთხელ არის ნახსენები. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც განიცადა რუსული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია 2008 წლის აგვისტოში. დოკუმენტში მოუწოდებს ევროკავშირს განაგრძოს მოთხოვნა, რუსეთმა შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. ასევე, დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიესალმება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკრაინის, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის და მოუწოდებს საქართველოსთვის მის მინიჭებას კომისიის დასკვნაში მითითებული პრიორიტეტების დაცვის შემთხვევაში. ამასთან, დოკუმენტი შეიცავს მოწოდებას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, EEAS-ს მიმართ, მოამზადოს საფუძვლიანი ანგარიში 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შესახებ იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, როგორც შუამავალს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში. ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს, ისევე როგორც დასავლეთ ბალკანელების მომავალი ევროკავშირშია. ევროპარლამენტის დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ უმკაცრესად გმობენ რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, ისევე როგორც ლუკაშენკოს რეჟიმის დამხმარე როლს ბელარუსში.
ანგარიშს გამოხმაურება მოყვა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციაში დოკუმენტში გამოხატულ მხარდაჭერას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, თუმცა აქცენტს იმ ნაწილზე აკეთებენ, სადაც რეკომენდაციების შესრულებაზეა საუბარი და ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით არ მუშაობს. საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ 12 პუნქტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და ამ მიმართულებით პროგრესი თვალსაჩინოა.