ევროპარლამენტი დღეს კენჭს უყრის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ მომზადებულ რეზოლუციას. დოკუმენტი ეხება და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს იქამდე, სანამ კანონპროექტი დღის წესრიგშია. დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს სადავო კანონპროექტს, რადგან ის აწესებს შეზღუდვებს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე. კანონპროექტზე ევროპარლამენტარების შეფასებები საკმაოდ კრიტიკული იყო, თუმცა, რეზოლუციის პროექტში არ მოხვდა პერსონალური სანქციების დაწესების მოთხოვნა, რაც გამართული დებატების დროს რამდენიმე დეპუტატის გამოსვლებში გაისმა. ცალკეულმა ევროპარლამენტარებმა მმართველი პარტიის დამფუძნებლის და კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატების სანქცირება მოითხოვეს. დებატებს დარბაზში ქართული ოპოზიციიდან პარტია „ახალის“ ლიდერიც ისმენდა. ნიკა გვარამია სტრასბურგში პირადად პეტრას აუსტრევიჩუსის მიწვევით იმყოფებოდა და დებატებამდე მათ ერთობლივი ბრიფინგიც გამართეს. გაჟღერდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც.
ევროპარლამენტში გამართულ დებატებს მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში აფასებენ.