საქართველო ევროპარლამენტის ახალ რეზოლუციაში, რომელიც ევროკავშირისა და რუსეთის მომავალს ეხება.
494 ხმით დამტკიცებული დოკუმენტით ბრიუსელიდან დღეს მოსკოვს უთხრეს, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზება რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზეა დამოკიდებული. რეზოლუციაში საქართველო, 2008 წლის ომი და ოკუპირებულ რეგიონებში დარღვეული ადამიანის უფლებები არაერთხელ არის ნახსენები. რუსეთის სხვადასხვა აგრესიულ ქმედებაზე, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ევროკავშირის ადეკვატური რეაგირების არქონამ, მოსკოვს სამხედრო კამპანიის გაგრძელებისკენ უბიძგა – ეს დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერია. რეზოლუციაში ჩამოთვლილია მოსკოვისგან მომდინარე კონკრეტული საფრთხეები. ამ საფრთხეების მოხსნამდე ევროპარლამენტი ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შენარჩუნების მომხრეა. კენჭისყრას წინ პოლიტიკური დებატები უძღოდა, რა დროსაც ევროპარლამენტარებმა მოსკოვი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო მწვავედ გააკრიტიკეს.