ევროპარლამენტის გზავნილებზე რეაქციები საკმაოდ მძიმეა.
პოლიტიკური სპექტრი ორად გაიყო. ბოლო ორ წელში მიღებული რეზოლუციების შინაარსის გათვალისწინებით ხელისუფლებისთვის ახალი მოწოდებები და მოთხოვნები მოულოდნელი არ ყოფილა. უხეში ჩარევა არჩევნებში, პირდაპირი ზეწოლა და ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მცდელობა – ასეთია შეფასებები მმართველ გუნდში. განსაკუთრებით მძიმე გამოხმაურება მოჰყვა დოკუმენტის იმ ნაწილს, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისთვის სანქციების დაწესებაზე და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზეა საუბარი. „ქართული ოცნება“ ევროპარლამენტის დეპუტატების ნაწილს მიხეილ სააკაშვილზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ახსენებს და ყოფილი პრეზიდენტის დღევანდელ პოლიტიკურ აქტივობებზე მიუთითებს.
კმაყოფილია ოპოზიცია, რომელიც რეზოლუციის ყველა პუნქტს ეთანხმება. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია საკუთარი ლიდერის გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მიმართავს. მოწოდებების უგულებელყოფის შემთხვევაში ოპოზიცია ევროინტეგრაციის პროცესის საბოლოო შეჩერებას და ვიზა-ლიბერალიზაციის გაუქმებას აანონსებს.