ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც დღეს მიიღეს, მოუწოდებს სამიტში მონაწილე სახელმწიფოების მეთაურებს, მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას „დაუყოვნებლივ“. ისინი ანალოგიურად უნდა მოიქცნენ საქართველოსთან მიმართებით, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მითითებებს შეასრულებს. რეზოლუციას მხარი 529 დეპუტატმა დაუჭირა, 45 წინააღმდეგი იყო, 14-მა კი თავი შეიკავა. ევროპარლამენტი იწვევს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ხელისუფლებას ცალსახად წარმოაჩინონ მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება და განახორციელონ მათი ხალხის ევროპული ამბიციები, დააჩქარონ რეფორმები, იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმები რაც შეიძლება სწრაფად დააკმაყოფილონ.
უკრაინელები მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში ცხოვრებას, რომლებიც ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრები არიან, – განაცხადეს ევროპარლამენტარებმა. რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ გაფართოებას ალტერნატივა არ აქვს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო უნდა გახდეს კანდიდატი ქვეყანა, როგორც კი შეასრულებს საჭირო რეფორმებს.