ევროპარლამენტარების გზავნილი და პოლიტიკური შეფასებები

ერთად მუშაობა ევროპული მიზნის მისაღწევად და ყველა მხარის ჩართულობა სამუშაო ჯგუფებში – ეს არის ევროპარლამენტარების მთავარი გზავნილი ქართველი პოლიტიკოსებისადმი. თუმცა, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ქართული პოლიტიკური სპექტრი ერთ მაგიდასთან დასხდომას ამ ეტაპზე ვერც ევროპული მომავლისთვის ახერხებს. 12 პრიორიტეტის შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფში ამ დრომდე არ მონაწილეობენ „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა“ და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი. ხელისუფლების ოპონენტები მიმდინარე პროცესს არაგამჭვირვალეს უწოდებენ, ფორმატს იწუნებენ და მასში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ.

ევროდეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებს სამუშაო ჯგუფებში ჩართვისკენ მოუწოდებენ ოპოზიციის მეორე ნაწილი და მმართველი პარტია. მათი განცხადებით, 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესისგან დისტანცირება როგორც თავად ამ პარტიების, ისე ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს.