მწვავე კრიტიკა არ წყდება უცხოეთიდან.
ხელისუფლებას მძიმე გზავნილების მოსმენა ამჯერად სტრასბურგიდან უწევს. ევროპარლამენტში 14 დეპუტატის მიერ უკვე ინიცირებულია რეზოლუციის პროექტი, რომელშიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი მკაცრად არის გაკრიტიკებული და მისი მიღების შემთხვევაში მხარდამჭერი დეპუტატების და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ. საკმაოდ ხმაურიანი განცხადებები გაკეთდა ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტის სხდომაზე. მას წინ ოთხი ევროპარლამენტარის და პარტია „ახალის“ ლიდერ ნიკა გვარამიას ერთობლივი პრესკონფერენცია უძღოდა. იყო პირდაპირი მოწოდება პერსონალური სანქციების დაწესებისკენ. ევროპელი დეპუტატები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის პროექტს არასამთავრობო სექტორის და მედიის შეზღუდვის და დევნის კონტექსტში განიხილავენ და მას რუსეთში 2012 წლიდან მოქმედი კანონის ანალოგად მიიჩნევენ. დეპუტატების აზრით, პროექტის კანონად ქცევა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის.
თეონა ხუბულავამ მოისმინა სტრასბურგში გაკეთებული განცხადებები.