ევროპარლამენტართა ჯგუფი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახლა წარდგენასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოთქვამს. ევროპარლამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების ავტორები არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობებზე მომუშავე დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე თანამომხსენებელი სვენ მიქსერი. განცხადებაში ნათქვამია: „ეს კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით მიიღო, არის თავდასხმა დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე. ის შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. ის ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, არ გაუცრუონ იმედები საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მისწრაფებებს, იმუშაონ ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია განცხადებაში. ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე საუბარია კანონპროექტის წინააღმდეგ თბილისში მიმდინარე აქციებზე.