ოპოზიციის დიდი ნაწილი ისევ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდება. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ მმართველი გუნდისთვის მიცემული ვადის ამოწურვამდე, სამ ივლისამდე „ქართული ოცნების“ ლიდერები დააკმაყოფილებენ 24 ივნისს სამოქალაქო სექტორის მხრიდან წარმოდგენილ მოთხოვნებს. მათი მოთხოვნაა, გადადგეს აღმასრულებელი ხელისუფლება და ჩამოყალიბდეს ეროვნული თანხმობის მთავრობა.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ მმართველ გუნდს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებას არ აპატიებენ და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძოლებენ. ამ ეტაპზე კონკრეტულად არ აცხადებენ მათი სამოქმედო გეგმის თაობაზე, თუმცა, ამბობენ, რომ წინააღმდეგობა იქნება კონსტიტუციის ფარგლებში და განგრძობით სახეს მიიღებს.
მმართველ პარტიაში კი ოპონენტების მოთხოვნებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ 12-პუნქტიანი ვალდებულებების შესასრულებლად, სამოქმედო გეგმას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარუდგენენ.