ევროკომისიის შეფასებით, საქართველო წარმატებით განაგრძობს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება, – ევროკომისია დადებითად აფასებს „კოვიდ-19“-ის კრიზისის ფონზე, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ქმედით ღონისძიებებს. ასევე, ანგარიშში დადებითადაა შეფასებული თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების რაოდენობის შემცირება.
ამასთან, ხაზგასმულია ქვეყნის შიგნით ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით გატარებული ღონისძიებებიც. ანგარიშის მიხედვით, გამოწვევების მიუხედავად, რაც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირში თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნებს, ასევე ევროკავშირის ტერიტორიაზე დანაშაულებრივ ქმედებებში საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობის მაჩვენებელს უკავშირდება, ქვეყანა წარმატებით განაგრძობს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება.