ევროკავშირმა ქართული კოვიდ-პასპორტები აღიარა.
თუ მანამდე ქართულ აპლიკაციას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვერ კითხულობდნენ, დღეიდან კოვიდ-სერთიფიკატები ევროკავშირის შესაბამის სისტემასთან არის მიერთებული. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი QR-კოდით გადაადგილებას ევროკავშირის ტერიტორიაზე და მის მიერ აღიარებულ 40-ზე მეტ ქვეყანაში უპრობლემოდ შეძლებენ. გადაწყვეტილება ხვალიდან შედის ძალაში. თუმცა შეზღუდვა არ იხსნება ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით, რომლებსაც ევროკავშირი ჯერ არ აღიარებს.
ლატარიისგან გასხვავებით, პენსიონერებისთვის წამახალისებელმა ღონისძიებებმა საქართველოში ვაქცინაციაზე მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაზარდა. ბოლო ერთ კვირაში ქვეყანაში 60 წელს გადაცილებული 10 000-ზე მეტი მოქალაქე აიცრა. სამწუხაროდ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მზარდია. ქვეყანამ კიდევ 82 ადამიანი დაკარგა. მარტო ბოლო ორ კვირაში „კოვიდ-19“-მა 1000-მდე მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა.