ევროკავშირის სესხზე უარი პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემაა. ევროკავშირის განცხადების გამო, ხელისუფლების პირველ პირებს განმარტებების რეჟიმში უწევთ ყოფნა. ვერსიას, რომ მთავრობამ საგარეო ვალის შესამცირებლად 75-მილიონიან სესხზე თავად თქვა უარი, მმართველი გუნდი მყარად იცავს. ეს პოზიცია ხალხის მოტყუების მცდელობაა ოპოზიციისთვის, რომელიც დარწმუნებულია, რომ მმართველმა პარტიამ ბრიუსელიდან სესხზე უარს გამოგონილი მიზეზით დაასწრო.
ევროკავშირის წარმომადგენლობის შემდეგ დღეს უკვე ევროპარლამენტარმაც თქვა, რომ საქართველო მორიგ სესხს რეფორმების არასაკმარისად შესრულების გამო, ვერ მიიღებს. ხელისუფლების ოპონენტები საგარეო კურსის შეცვლაზე იწყებენ საუბარს. ამ კონტექსტში პოლიტიკოსებს შორის განსაკუთრებით რეზონანსული აღმოჩნდა პრემიერის დღევანდელი გამოსვლა, სადაც მან ვიოლა ფონ კრამონის საკმაოდ მწვავე შეფასებაზე საპასუხოდ პირდაპირ თქვა, რომ მისი უფროსი არა ევროპარლამენტარი, არამედ ქართველი ხალხია.
მმართველი გუნდი ევროკავშირთან ცალკეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობას არ უარყოფს, თუმცა პირობას დებს, რომ 2022 წლის გაზაფხულისთვის შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა რეფორმა მიღებული იქნება.