ესტონელმა ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ რეზოლუცია წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, რეზოლუციაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მიესალმება ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით. ამასთან, მიქსერის თქმით, იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ქვეყანამ წარმატებით უნდა უპასუხოს მნიშვნელოვან პრიორიტეტებს, რომელიც მითითებულია კომისიის მოსაზრებაში.
ევროპარლამენტარის განცხადებით, რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტი, კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლება, რომელიც კომისიის მოსაზრებაშია მითითებული და აჩვენოს ამბიციური ევროპული მისწრაფება.