44 ევროპარლამენტარი სააკაშვილის გადაყვანას ითხოვს

მოწოდება ბრიუსელიდან.

44 ევროპარლამენტარი მიხეილ სააკაშვილზე ერთობლივ მიმართვას ავრცელებს. ყოფილი პრეზიდენტის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის არგუმენტით მოწოდებაა, რომ ექს-პრეზიდენტი სამკურნალოდ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში გადაიყვანონ. დეპუტატები მოთხოვნას იმ კადრებით ამყარებენ, რომლებიც მათ ბოლო სასამართლო პროცესზე სააკაშვილის დისტანციური ჩართვის დროს ნახეს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტის უცხოეთში გადაყვანის საჭიროება ვერ დაინახა, ევროპელი დეპუტატები პაციენტისთვის შეთავაზებულ მკურნალობას ეჭვქვეშ აყენებენ და მძიმე შედეგებს პროგნოზირებენ. თითქმის ანალოგიური შინაარსისაა ის დადგენილებაც, რომელიც დღეს უკრაინის პარლამენტმა მიიღო. რადას ადრესატები ევროპის ქვეყნების პარლამენტები და საქართველოს პრეზიდენტი არიან. მოთხოვნა სააკაშვილის შეწყალება ან უცხოეთში სამკურნალოდ წაყვანაა. საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება თუ ლობისტური კამპანიის ნაწილი – ქართული პოლიტიკიდან დისტანცირების დაანონსების შემდეგ პოლიტიკურად ისევ გააქტიურებული მიხეილ სააკაშვილის გარშემო ურთიერთბრალდებები ახალ ფაზაში გადადის.