საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივას ბრიუსელში განიხილავენ. საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ქვეყანამ პოზიტიურ შეფასებებთან ერთად მკაცრი შენიშვნები და მწვავე გზავნილებიც მიიღო. ამ მხრივ გამორჩეული იყო ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის გამოსვლა, სადაც მან რამდენიმე, მათ შორის სასამართლო სფეროში, უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით საქართველოს ჩამორჩენაზე მიუთითა, ცალკეულმა ევროპელმა დეპუტატებმა ქვეყნის მმართველი გუნდის ლიდერები ანტიდასავლური რიტორიკის გამოც გააკრიტიკეს, უკმაყოფილება გამოითქვა რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენისა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის გამოც. კანდიდატის სტატუსის მოლოდინში მყოფი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ევროპელი პარტნიორები პოლარიზაციის მაღალ ხარისხს ასახელებენ. მწვავე გამოსვლებს დარბაზშივე გასცეს პასუხი ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა. მმართველი გუნდიდან ევროპელ პარტნიორებს დღეს პირდაპირ უთხრეს, რომ ევროპარლამენტის მიერ ბოლო თვეებში საქართველოს შესახებ მიღებული მწვავე რეზოლუციები რეალობას არ შეესაბამება და პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებს.