კიდევ ერთი სადავო საერთაშორისო დასკვნა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის გარშემო.
ვენეციის კომისიის მსგავსად ნეგატიურია ეუთო-ოდირის დასკვნაც. ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობის არგუმენტით ორგანიზაცია კანონის გაუქმებას მოითხოვს. დასკვნის მიხედვით, საქართველოში საპროტესტო აქციების ფონზე დამტკიცებული კანონი ამერიკასა და ევროპის სხვა ქვეყნებში უცხოური ჩარევების შესახებ არსებული საკანონმდებლო რეგულაციებისგან განსხვავებულია. მითითებულია ის გარემოებებიც, რომლებიც ეუთო-ოდირის მიერ მოწვეული ექსპერტებისთვის საქართველოსა და სხვა ქვეყნებში მოქმედ კანონებს შორის მთავარი განმასხვავებელი ნიშნებია. ოპოზიცია 30-გვერდიანი დოკუმენტის ყველა შენიშვნას იზიარებს. ვენეციის კომისიის მსგავსად, ეუთო-ოდირის მოსაზრებებშიც სამართლებრივის ნაცვლად მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები ამოიკითხა „ქართულმა ოცნებამ“. დასკვნის ერთ-ერთი ავტორის ვინაობა ხელისუფლებისთვის საკმარისი არგუმენტია იმის დასამტკიცებლად, რომ დოკუმენტი არაობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდა.