საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადიდან ერთი წელი გავიდა. ჩვენი ქვეყანა განაცხადის გაკეთებას 2024 წელს გეგმავდა, თუმცა, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში პროცესი დააჩქარა. „ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე”, – თქვა დოკუმენტის ხელმოწერისას პრემიერმა. განაცხადის გაკეთებიდან რამდენიმე თვეში, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივის სტატუსი მიანიჭა. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს უკვე აცხადებს, რომ ღრმად სწამს, ისტორიული პროცესი, რომელმაც ერთი წლის წინ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, მალე დაგვირგვინდება საქართველოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობით. „ამ დღეს ჩვენი ისტორიის ახალი ფურცელი გადაიშალა; ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ კი კიდევ უფრო მეტად მიგვაახლოვა თავისუფალ ერთა ევროპული ოჯახის წევრობას. განვლილ ერთ წელში ჩვენ კიდევ უფრო გავააქტიურეთ ძალისხმევა იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც მთელ ჩვენს ისტორიას და, ბუნებრივია, ჩვენი ხელისუფლების საქმიანობას განსაზღვრავს; გადავდგით ყველა ნაბიჯი ევროპული ცხოვრების წესთან და სტანდარტებთან, ინსტიტუციურ მოწყობასთან და კანონმდებლობასთან დასაახლოებლად, ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. ამ პროცესში მუდამ ვგრძნობთ ჩვენი ხალხის მხარდაჭერას, რაც ყველაზე ძლიერი სტიმულია მთავრობის, მთლიანად ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყოველდღიური საქმიანობისთვის“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.