ექსპედიცია ნოქალაქევის არქიტექტურულ კომპლექსში

სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევის არქიტექტურულ კომპლექსში, ნატოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი, უკრაინელი და ესტონელი სამხედრო პირების რესოციალიზაციის პროგრამის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, კავკასიურ სივრცეში უპრეცედენტო პროექტი  ექიმების მეთვალყურეობით ისტორიული ნაქალაქარის ქართულ-ინგლისურ არქეოლოგიურ სამეცნიერო ექსპედიციაში ვეტერანი სამხედროების მონაწილეობას გულისხმობს. მისივე თქმით, სამშვიდობო მისიებში მონაწილეთა ფსიქო-ემოციური და სოციალური რეაბილიტაციის მიზნით, სამხედროები ჩართულები არიან როგორც საველე, ისე ლაბორატორიულ სამუშაოებში.

არქეოლოგიური კვლევა-ძიების ერთთვიან პროცესში უკვე მონაწილეობს ოთხი ქართველი და ოთხი უკრაინელი ვეტერანი სამხედრო პირი. რამდენიმე დღეში, საერთაშორისო ექსპედიციას როტაციის პრინციპით, ქართველი და ესტონელი ჯარისკაცების ჯგუფი შეუერთდება.