ექიმების განცხადება

მკურნალობის მეთოდის გამო განმარტებების გაკეთება დასჭირდათ ექიმებს, რომლებიც 26 თებერვლის შემდეგ „კოვიდ 19“-ს ებრძვიან და უკვე 97 ინფიცირებული გამოაჯანმრთელეს. ეს მას შემდეგ, რაც ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა კოლეგებს სამკურნალო პროტოკოლი დაუწუნა და ახსენა პრეპარატი „პლაქვენილიც“, რომელსაც მისი მტკიცებით, ქართველი მედიკოსები არამიზნობრივად იყენებენ. თუმცა, საქართველოში უკვე არაერთხელ განმარტეს, რომ მალარიის საწინააღმდეგო წამალს მხოლოდ საშუალო და მძიმე პაციენტებს უნიშნავენ და ის მსუბუქ პაციენტებთან, ან საპროფილაქტიკოდ არ გამოიყენება.

კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ მძიმე და ხანდაზმულ პაციენტებს მართვითი სუნთქვის აპარატი სწორედ „პლაქვენილის“ სწორად გამოყენების გამო აღარ დასჭირდათ. კვლევები გრძელდება, ამიტომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ქართველი მედიკოსები მსოფლიოსთვის ჯერ ისევ ამოუცნობი ვირუსის მკურნალობის მეთოდიკაში რთავენ სხვა პრეპარატებსაც, მათი დანიშვნა კი ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის სიმძიმის და ჩვენების მიხედვით ხდება. მკურნალობის წარმატებული შედეგი სახეზეა – საქართველო ინფიცირებულთა რაოდენობის სიმცირის მიხედვით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა და მხოლოდ ჯუჯა ან მცირერიცხოვან რამდენიმე ქვეყანას ჩამორჩება.