მხარდაჭერასთან ერთად ხელისუფლება ბრიუსელიდან კრიტიკის შემცველ გზავნილებსაც იღებს.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის და ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-თავმჯდომარის წერილმა „ქართული ოცნების“ ლიდერების მძიმე რეაქციები გამოიწვია. ქართველი ხალხისადმი ღია წერილიდან მმართველმა გუნდმა ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ჩარევის მცდელობა და ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდებები ამოიკითხა. მაშინ, როცა ევროკავშირის კანდიდატობაზე გადაწყვეტილების მიღების დრო ახლოვდება, წერილის ავტორები, ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს გაუარესებულ პოზიციებზე მიუთითებენ და ერთ-ერთ არგუმენტად მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა მოჰყავთ. „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორ ევროპის სახალხო პარტიას ეკუთვნის საქართველოზე მომზადებული იმ რეზოლუციის პროექტიც, რომელიც ევროპარლამენტარებმა ხვალ უნდა განიხილონ. ევროპარლამენტის ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს ყოფილი პრემიერისთვის და ცალკეული მოსამართლეებისა და პროკურორებისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს.