მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა 179 მილიონს გადააჭარბა, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3 მილიონ 800 000-ზე მეტია. ვირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის, მეორე ადგილზე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა, მესამეზე კი – ევროპა. „დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო, გართულებულია ვითარება რუსეთში, სადაც გასულ დღეს, გარდაცვალების ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ისევ რთულია ვითარება ინდოეთში, სადაც გასულ დღე-ღამეში გარდაცვალების 1200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს ინდოეთის ხელისუფლება, რომლის განცხადებით, 950 მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობიდან ვაქცინის ორი დოზა მხოლოდ ექვს პროცენტს აქვს მიღებული. კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გამო, ინფიცირების შემთხვევები იზრდება დიდ ბრიტანეთსა და პორტუგალიაში, ხოლო ავსტრალიის ყველაზე დიდ ქალაქში, სიდნეიში მთავრობამ ორკვირიანი მკაცრი ლოკდაუნის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო.
მოამბე