ნახტომისებური მატება ბოლო ერთ დღეში. საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. გამოვლენილია 3 600-ზე მეტი შემთხვევა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ზუსტად ისეთი მდგომარეობაა, როგორიც მეორე, მძიმე ტალღის პიკურ პერიოდში, ანუ დეკემბრის დასაწყისში გვქონდა. შეზღუდვების მოხსნის დროს არსებული მონაცემები ახლა თითქმის გაოთხმაგებულია. „დელტა“ შტამის აქტიურ ცირკულირებასთან ერთად, დაფიქსირდა მისი ქვეშტამის – „დელტა პლუსის“ პირველი შემთხვევებიც. ყველა ინდიკატორის მკვეთრი გაუარესების მიუხედავად, ხელისუფლება ვირუსის სწრაფი გავრცელების შესაკავებლად შეზღუდვების ამოქმედებას მაინც არ აპირებს. პანდემიის მართვისა და ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების გზა ამჯერად ვაქცინაციის დაჩქარებაზე გადის. თუმცა აცრის დღიური მაჩვენებლები მაინც დაბალია. სიტუაციას ამძიმებს ისიც, რომ ვირუსის შემაკავებელი ყველა წესი და რეგულაცია უხეშად ირღვევა. ეპიდემიოლოგების მოწოდებები მკაცრდება, განსაკუთრებით ტურისტული ბიზნესის მისამართით.