ეპიდ-აფეთქების გამო ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები რეგულაციების გამკაცრებას ითხოვენ.
საქართველო წითელ ზონაშია. ბოლო 24 საათში ინფიცირების მაჩვენებელი საგანგაშო ნიშნულს ასცდა. წინა კვირას დაფიქსირებული მონაცემები თითქმის გაორმაგდა – ბოლო ერთ დღეში კოვიდ-დადასტურებულ მოქალაქეთა რაოდენობამ 2 600-ს გადააჭარბა. მზარდია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ყველაზე მძიმე სიტუაციაა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. წამყვანი კლინიკების ნაწილი პაციენტებს ვეღარ იღებს. მათ შორისაა წმინდა მიქაელის საავადმყოფო, სადაც ცოტა ხნის წინ „მოამბემ“ მძიმე კადრები გადაიღო. ვაქცინაციის დაბალი ტემპის და შეზღუდვების გაუქმების ფონზე ქვეყანას ინდური „დელტა“ შტამი უტევს, რომლით დაავადებულთა და ჰოსპიტალიზირებულ პაციენტთა რიცხვი ყოველდღე იზრდება. მაშინ როდესაც პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა მოხსნილია, ინფექციის სწრაფი გავრცელების შეჩერების ერთადერთი გზა ვაქცინაცია, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და რეგულაციების დაცვაა. თუმცა ყველგან, განსაკუთრებით კი ტურისტულად დატვირთულ ქალაქებში, წესები ირღვევა, იმართება ხალხმრავალი შეკრებები, ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი კი გეგმას მკვეთრად ჩამორჩება.