ვირუსის ახალი ტალღა, რასაც კიდევ უფრო დიდი ადამიანური დანაკარგი მოჰყვება, – ასეთია სპეციალისტების შეფასებები. ვაქცინაციის დაბალი ტემპისა და რეკომენდაციების უგულებელყოფის ფონზე, ეპიდემიოლოგები ვითარების გაუარესებას ელოდებიან. 54 ათასამდე ინფიცირებულის მართვა უწევს ამ დროისათვის სამედიცინო სექტორს. ვირუსის გავრცელების მაჩვენებლები ისევ მაღალია. გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ კიდევ 4 104 მოქალაქეს დაუდასტურდა. კვლავ საგანგაშოა გარდაცვლილთა რაოდენობა. მხოლოდ ერთ დღეში ვირუსს კიდევ 67 მოქალაქე ემსხვერპლა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი უკვე 11, 06%-ია. ინფიცირების ახალი ფაქტებიდან, თბილისში გამოვლენილია 1 635 შემთხვევა, აჭარა – 168, იმერეთი – 766, ქვემო ქართლი – 283, შიდა ქართლი – 246, გურია – 110, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 322, კახეთი – 420, მცხეთა-მთიანეთი – 59, სამცხე-ჯავახეთი – 80, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15. სპეციალისტები ისევ მიმართავენ მოქალაქეებს და განმარტავენ, რომ იმუნიზაციის გარეშე ვირუსის დამარცხება შეუძლებელია.