ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია

საქართველოს კულტურის მინისტრი გამოჩენილი ქართველი ფერმწერის, გრაფიკოსის, თეატრისა და კინოს მხატვრის, ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმს ესტუმრა. თეა წულუკიანი მუზეუმში სამინისტროს ინიციატივით მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ამ ეტაპისათვის შესრულებულია სამუშაოების 70%. საწყის ეტაპზე განხორციელდა სადემონტაჟო სამუშაოები, ასევე აივნისა და ტიხრების კონსტრუქციული გამაგრება, რის შემდეგაც დაიწყო ახალი კედლების მონტაჟი. დასრულებულია მუშაობა საინჟინრო კომუნიკაციებსა და წყალმომარაგების სისტემაზე. მოწესრიგდა ელექტრო და სავენტილაციო სისტემები; აშენდა სველი წერტილები. ამჟამად ილესება ჩამონგრეული ნაწილები და შენობა მზადდება სამღებრო სამუშაოებისათვის. ბოლო ეტაპზე იგეგმება იატაკის განახლება, კედლების შეღებვა და სანათების დაკიდება. შედეგად, შიდა ინტერიერი სრულად იქნება რეაბილიტირებული. პროექტის დასრულება ზაფხულში იგეგმება.