თბილისის ეროვნულ პარკში ახალი ეკოსაგანმანათლებლო და რეკრეაციული პროექტი განხორციელდება. თბილისის ეროვნულ პარკში, საბადურისა და ზედაზენის უბნებზე დაგეგმილი ახალი სარეკრეაციო და ეკოსაგანმანათლებლო სივრცეების მოსაწყობი ადგილები გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაათვალიერა. ოთარ შამუგიასთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოში შვედეთის ელჩი, შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე და საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელი. მათ ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს, იმყოფებოდნენ იმ ლოკაციებზე, სადაც დასასვენებელი ფანჩატურების, ბავშვთა გასართობი სივრცეების, ამფითეატრის, საპიკნიკე ადგილებისა და ახალი ეკობილიკების მოწყობაა დაგეგმილი. სამუშაოების დიდი ნაწილი აქტიური ტურისტული სეზონის დაწყებისათვის დასრულდება.