ძლიერი ქარი კახეთში

ტრაგედია კახეთში.

ძლიერ ქარს მსხვერპლი მოჰყვა. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში ადგილობრივების ინფორმაციით, ქარმა ავტობუსის გაჩერების რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა. ლითონის ნაგებობა 79 წლის კაცს დაეცა, რომელიც საკუთარ ეზოში შეშას ჭრიდა. არსებული ინფორმაციით მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ძლიერმა ქარმა პრობლემები კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც შექმნა. რამდენიმე ქალაქში ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი დაუზიანდა. ქარმა მოგლიჯა მრავალწლიანი ხეები, ლაგოდეხის დამაკავშირებელ უღელტეხილზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეფერხდა. მოძრაობა შეზღუდულია ლაგოდეხი-ყვარლისა და ლაგოდეხი-გურჯაანის მიმართულებით. სოფელ ვარდისუბანში ქარმა სახურავის ნაწილი კულტურის სახლს გადახადა, შენობაში დროებით საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. თელავის ერთ-ერთ სკვერში კი ქარმა გარე განათების რკინის ბოძები წააქცია, წაქცეულია ასევე საახალწლო ნაძვის ხეები თელავში ალაზნის გამზირისა და კავკასიონის ქუჩის დამაკავშირებელ სკვერში, სოფელ წინანდალსა და გურჯაანის ცენტრში. უამინდობის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტის ნაწილი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი. პრობლემურ მონაკვეთებზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფები, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.