დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა

დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენთან გამართულ შეხვედრაზე დეტალური კითხვები წარადგინა, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა. კარინ ჟან-პიერის თქმით, შეხვედრა იყო „ძალიან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და შინაარსიანი“. თეთრი სახლის პრესსპიკერმა უარი თქვა იმის გამჟღავნებაზე, თუ რა კითხვები დაუსვა ტრამპმა ბაიდენს თითქმის ორსაათიანი შეხვედრის დროს. „ვფიქრობ, შეხვედრის ხანგრძლივობა მიუთითებს იმაზე, რომ მათ ჰქონდათ სიღრმისეული საუბარი ბევრ საკითხზე“, – განაცხადა ჟან-პიერმა. ასევე, დონალდ ტრამპმა New York Post-თან ექსკლუზიურ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯო ბაიდენთან სასიამოვნო შეხვედრა ჰქონდა და შეხვედრისას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტები და უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილეს.