ბრძოლა, ბრძოლა, ბრძოლა – ტრამპის მიერ თავდასხმიდან რამდენიმე წამში წარმოთქმული სიტყვები „რესპუბლიკელთა“ მთავარი წინასაარჩევნო ლოზუნგი ხდება.
სწორედ ამ შეძახილებით შეხვდნენ ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში დონალდ ტრამპს, რომელიც პარტიამ დელეგატების ხმების უმრავლესობით აირჩია და საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა. ყრილობაზე ექს-პრეზიდენტი 13 ივლისს მომხდარი თავდასხმის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ტრამპმა ოჰაიოელი სენატორი შეარჩია, რომელიც წარსულში მისი მწვავე კრიტიკით იყო გამორჩეული და მას ჰიტლერსაც კი ადარებდა. ჯეი დი ვანსი საპრეზიდენტო კანდიდატის მკვლელობის მცდელობას ბაიდენის რიტორიკას უკავშირებს.
ამოძრავებდა თუ არა 20 წლის მეთიუ კრუკსს პოლიტიკური მოტივი და როგორ აღმოჩნდა ტრამპის სცენიდან 140 მეტრში მდებარე შენობის სახურავზე შეიარაღებული ადამიანი – ამ და სხვა არაერთ შეკითხვას საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა კონგრესში უნდა უპასუხოს. წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტში მოსმენა 22 ივლისს ჩანიშნეს.