ჟიული შარტავას დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა

საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა. ჟიული შარტავა აფხაზეთში, შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის ივნისში, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. 1993 წლის 27 სექტემბერს იგი უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რომლის დროსაც, აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ და დაქირავებულებმა ე.წ. ბოევიკებმა, თანამებრძოლებთან ერთად, ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს. მოგვიანებით, ჟიული შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა და თბილისში იქნა გადმოსვენებული. ის დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონში. 2004 წელს, სიკვდილის შემდეგ, ჟიული შარტავა ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოვდა.

ჟიული შარტავას 80 წლის იუბილეს სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. „დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას 80 წელი შეუსრულდებოდა. ჟიული შარტავა გმირობისა და თავგანწირვის მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის. მან საკუთარი სიცოცხლე გაწირა და ქართველი კაცის ღირსების სიმბოლოდ იქცა. მჯერა, ისტორია მის გმირობას არასოდეს დაივიწყებს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

იუბილეს ეხმაურება საქართველოს თავდაცვის მინისტრიც. „დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა. მისი გმირობა, გამოჩენილი სიმტკიცე და სიმამაცე სამაგალითოა. ჟიული შარტავა არის სიმბოლო სამშობლოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის მებრძოლი ლიდერის. ის ყოველთვის ხელს უწყობდა ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენას, ბოლომდე იდგა სოხუმის დამცველთა რიგებში და თავისი სიცოცხლის ფასად ცდილობდა, დაეცვა ქვეყანა და ხალხი. სამშობლოს გაერთიანება, ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად ძლიერი სახელმწიფოს აშენება არის ჩვენი მიზანი. ჩვენი გმირების და, მათ შორის, ჟიული შარტავას თავგანწირვა ყოველდღე გვახსენებს ამ მიზანს. ქედს ვიხრი ჩვენი ქვეყნის გამორჩეული გმირის ხსოვნის წინაშე. დიდება გმირებს!“ – წერს ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში.

განცხადებას გაავრცელა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. „ჟიული შარტავას სახელთან ასოცირდება ისეთი ზოგადსაკაცობრიო ჭეშმარიტი ღირებულებები, როგორებიცაა სამშობლო, მოყვასის სიყვარული, თავგანწირვა. ის დარჩება საქართველოს ისტორიაში როგორც წამებული გმირი, ვაჟკაცობისა და რაინდობის სიმბოლო. ასეთი იყო სიცოცხლეშიც და ასეთად უკვდავყო თავისი სახელი მოწამებრივი სიკვდილით. ჟიული შარტავა არის სწორედ ერთიანი საქართველოს სულის უკვდავების განსახიერება, რომელიც დროისა და ყოველივე წარმავალის მიღმაა. წლები კიდევ უფრო მონუმენტურსა და დიადს ხდიან მის პიროვნებას, ხოლო მისი თავდადება სიამაყით გადაეცემა თაობიდან თაობას, ჩვენს შთამომავლობას.

დღეს ჟიული შარტავას დაბადებიდან 80 წლის იუბილეა და სრულიად საქართველო პატივს მიაგებს მის ნათელ ხსოვნას, ქედს იხრის მისი გაუტეხელი სულის და მამულიშვილობის წინაშე“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.