ქართველი დევნილების უფლებების დაცვას რუსეთს ხვალ შვეიცარიაში კიდევ ერთხელ შეახსენებენ.
ჟენევაში მოლაპარაკებების მე-60 რაუნდი იგეგმება. ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება და საოკუპაციო ხაზთან გაუარესებული ვითარების განხილვა ქართული დელეგაციის დღის წესრიგის მთავარი თემებია. ქართული დელეგაცია ოკუპირებული რეგიონების ციხეებში მყოფი საქართველოს რვა მოქალაქის გადმოცემას მოითხოვს. დღის წესრიგში იქნება ე.წ. გადასასვლელების გახსნის საკითხი, რათა საოკუპაციო ხაზს აქეთ მცხოვრებმა ოჯახებმა აღდგომის დღესასწაულზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქცეულ საფლავებზე გასვლა და სალოცავების მოლოცვა შეძლონ.