ზუგდიდში კოლხური ღვინის პირველი ფესტივალი – „დია“ დასრულდა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო კოლხური ჯიშებისგან დამზადებული ღვინო, ასევე ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო მთელი საქართველოდან.
ფესტივალში მეღვინეებთან ერთად, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლები მონაწილეობდნენ. აგრო სივრცეში გამოფენილი იყო მეწარმეების და ფერმერების პროდუქცია, გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. განსაკუთრებული ინტერესი გამოწვია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეთნო კუთხემ, სადაც წარმოდგენილი იყო სოფლის მეურნეობის პროდუქცია, აფხაზური აჯიკა და ხილის ჩირი. ფესტივალი ტრადიციული გახდება და ყოველწლიურად გაიმართება.