პოლიტიკური ვნებათაღელვა მმართველი პარტიის ინიციატივის გარშემო – სერგეი ლავროვის განცხადების შემდეგ ოპონენტები ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვენ.
ოსებთან და აფხაზებთან შერიგების თემაზე „ქართული ოცნების“ ლიდერების ბოლოდროინდელ გზავნილებზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოხმაურებამ საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია. რუსეთის პირველი დიპლომატი მზად არის, რომ ოფიციალურ თბილისს ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობის ნორმალიზებაში დაეხმაროს. თუმცა რიტორიკა უცვლელია – განცხადებაში აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნებად არის მოხსენიებული, მითითებულია კონკრეტული პირობაც, რაც ოკუპირებულ რეგიონებთან თავდაუსხმელობის შეთანხმებების ხელმოწერას გულისხმობს და რაც წლებია, ჟენევაში მოლაპარაკებების შეფერხების მთავარი მიზეზია. მმართველი გუნდი რუსეთის პოზიციაში გარკვეულ პოზიტიურ საფუძვლებს ხედავს და ახლა კონკრეტულ ქმედებებს ელოდება. მმართველი პარტიის შეთავაზებას საკმაოდ მძიმე რეაქციები მოჰყვა არაღიარებული მთავრობებისგან, თუმცა ხელისუფლებისთვის მთავარი შიდა განწყობებია. თავის მხრივ ოპოზიციას აინტერესებს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რა გეგმა აქვს „ქართულ ოცნებას“.