პოლიტიკური აჟიოტაჟი არ ცხრება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის განცხადების გარშემო.
გორში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე გაჟღერებულ ინიციატივას პოლიტიკური აქტორები სხვადასხვანაირად კითხულობენ. ბიძინა ივანიშვილის გზავნილი „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის კიდევ ერთხელ ხაზგასმაა ხელისუფლების იმ სამშვიდობო პოლიტიკის, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მხოლოდ შერიგების გზით გულისხმობს, შერიგების წინაპირობა კი ბოდიშია. თუმცა რადიკალურად განსხვავებულია ოპონენტების ინტერპრეტაცია. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ბოდიშზე აქცენტირების დროს მმართველი პარტიის დამფუძნებელი მხოლოდ რუსეთს გულისხმობდა. ოპონენტების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული შეფასებები ხელისუფლებას მათ ანტისამშვიდობო პოლიტიკისა და გეგმებში არწმუნებს. 2008 წლის ომის გამო ოსებისთვის ბოდიშის მოხდის ინიციატივამ კიდევ უფრო გაამწვავა დავა იმაზე, თუ ვინ დაიწყო საომარი მოქმედებები. საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს სასარგებლოდ დასრულებული დავების შემდეგ მმართველი გუნდის რიტორიკა საკმაოდ გამწვავდა.