დასავლეთის სანქციების პოლიტიკა

კანონი მიღებულია, დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის.

ოპოზიცია საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას და ხელისუფლების დასანქცირებას ელოდება. მიიღეს თუ არა მმართველი გუნდის ლიდერებმა ამერიკიდან სავიზო შეზღუდვებზე პირადი შეტყობინებები – კითხვა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც შესაბამისი ინფორმაცია ცალკეულმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გაავრცელეს. ოპონენტები საკუთარ განცხადებებს ვაშინგტონიდან მიღებული ახალი გზავნილით ამყარებენ. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა შეკითხვის პასუხად სავიზო პოლიტიკის შეზღუდვის შესაძლებლობა დაადასტურა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოცხადებულა. ვაშინგტონი კონკრეტიკისგან თავს იკავებს, ქართულ ოპოზიციურ ფლანგზე კი დარწმუნებულები არიან, რომ პოლიტიკოსების გარდა სანქციები პოლიციის მაღალჩინოსნებზეც გავრცელდება. მეტიც – ოპოზიცია ანალოგიური ზომების მიღებას ითხოვს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდანაც. მაგალითად ესტონეთის პარლამენტი სახელდება, სადაც საქართველოში მიღებული კანონის უკან გაწვევის და მმართველი გუნდის დასანქცირების მოთხოვნით განცხადების პროექტი დარეგისტრირდა. სანქციები არა, თუმცა ევროპის ცალკეული ქვეყნებიდან პირდაპირ გაჟღერდა, რომ ცოტა ხნის წინ მიღებული კანონი საქართველოსთან ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნას შეაფერხებს, გასხვავებით უკრაინისა და მოლდოვისგან, რომლებიც ასოცირებულ ტრიოში უკვე მესამე წელია, დაწინაურებულები არიან. თუმცა სწორედ მოლდოვაში ბოლო პერიოდში განვითარებული მძიმე მოვლენების და გასხვავებული საერთაშორისო რეაგირების ფონზე არაერთი კითხვა ჩნდება.