ვეტოს განხილვა იურიდიული კომიტეტზე

რეზონანსული კანონის ამოქმედებამდე ბოლო საპარლამენტო პროცედურა რჩება.

ხვალ მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას პლენარულ სხდომაზე გეგმავს. დარბაზში შესვლას აპირებს ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციაც. კენჭისყრამდე ხმაურიანი განხილვა და დებატებია მოსალოდნელი. ერთი დღით ადრე კი ვეტო იურიდიულმა კომიტეტმა დაძლია. ტრიბუნასთან მომხსენებლის სტატუსით მდგომი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მმართველი გუნდის მწვავე კრიტიკის სამიზნედ იქცა. კონსტიტუციასთან და ქვეყნის ევროპულ გზასთან შეუსაბამო, რაც საერთაშორისო პარტნიორების ნეგატიური გამოხმაურებითაც დასტურდება – ამ არგუმენტებით პრეზიდენტის წარმომადგენელმა კანონის გაუქმება მოითხოვა. დარბაზში დღეს არაერთხელ დაისვა შეკითხვა – თუ რომელი მუხლია არაკონსტიტუციური და რა სამართლებრივი შენიშვნები აქვს პრეზიდენტს, თუმცა ყველა კითხვაზე გიორგი მსხილაძეს ერთი პასუხი ჰქონდა – პრეზიდენტი და მისი წარმომადგენელი კანონის მუხლობრივ და შინაარსობრივ ნაწილში შესვლას არ აპირებენ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პოზიციის დაცვას სხდომაზე მყოფი ოპოზიცია ცდილობდა. თითქმის ოთხსაათიანი განხილვა დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა.