ზუგდიდში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ძალადობის 126-ე მუხლით არის დაწყებული. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში მოსახლეობამ არ შეუშვა. ადგილობრივები მათ დასახლების დატოვებისკენ მოუწოდებდნენ და მათ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი შეახსენეს. აღნიშნულს მოჰყვა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ მცირეწლოვან შვილთან ერთად მყოფ დევნილ თეონა ქარდავას სიტყვიერი შეურაცხყოფა ანა წითლიძემ მიაყენა, რის გამოც ადგილზე სიტუაცია დაიძაბა.
წითლიძის განცხადებით, კი ისინი საარჩევნო ბუკლეტებს არიგებდნენ, როდესაც მათთან „ქართული ოცნების“ აქტივისტები მივიდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტის დროს დაშავებული „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის ჰოსპიტალში გადაიყვანა, სადაც მას გამოკვლევები ჩაუტარდა.
დაშავებულმა კლინიკა გვიან ღამით საკუთარი სურვილით დატოვა. მომხდარს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე. მან ოპოზიციის წარმომადგენლები პროვოკაციაში დაადანაშაულა და საერთაშორისო ორგანიზაციებს საკითხის შესწავლისკენ მოუწოდა.