შინაგან საქმეთა სამინისტრო მესტიაში ლუკა ფალიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ძებნაში მყოფი, 1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალგზის ნასამართლევი დ.ნ. თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ივლისს, ღამით, მესტიაში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ლ.ფ.-ს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილს საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პოლიციამ მიმალვაში მყოფი დ.ნ. 25 ივლისს, თბილისში დააკავა“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.