დაცვის პოლიციის დღე

შინაგან საქმეთა სამინისტროში „დაცვის პოლიციის დღე“ აღინიშნა. ღონისძიებას უწყების ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები დაესწრნენ. სიტყვით გამოსვლისას დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დაცვის პოლიციაში გასული წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტები შეაჯამა, ასევე, ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური მიმართულებით შესრულებული სამუშაოები მიმოიხილა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გიორგი ბაგრატიონის თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე, დაცვის პოლიციის ავტოპარკს 130 ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალება შეემატება. ღონისძიებაზე 143-მა ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო და დაცვის პოლიციის რიგებს შეუერთდა. გიორგი ბაგრატიონმა სამსახურებრივი მოვალეობების პირნათლად შესრულებისთვის 32 თანამშრომელი მადლობის სიგელით დააჯილდოვა. ღონისძიების დასასრულს, შიდა საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა.