დაჭრილი პატრულ-ინსპექტორის მდგომარეობა სტაბილურია

გუშინ, გვიან ღამით ბათუმში დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე რჩება, თუმცა როგორც მედიკოსები ამბობენ, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იგი პრევენციის მიზნით დატოვეს და მისი მდგომარეობა სტაბილურია.  მას ქირურგიული ოპერაცია  ჩაუტარდა. დაჭრილი დღეს დილით აჭარის ჯანდაცვის მინისტრმაც მოინახულა.

პატრულ-ინსპექტორი ცივი იარაღით მოქალაქემ დაჭრა, რომელმაც საპატრულო ეკიპაჟი მოძრაობის დროს გააჩერა და პატრულ-ინსპექტორს მოულოდნელად დაესხა თავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით, ბათუმში პოლიციელის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი უკვე დააკავეს. გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს.