დაჭრილი პატიმრის ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა თვითდაზიანება მიიყენა. ამის შესახებ მათ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დატოვების შემდეგ განაცხადეს. ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიების მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერებიდან ირკვევა, რომ პატიმარმა თავად წაართვა იარაღი ბადრაგს და ჯერ უმისამართოდ ისროდა, შემდგომ კი თვითდაზიანება მიიყენა. პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა გულგრილობაზე საუბრობენ ბრალდებულის ახლობლები და ამ მიმართულებით სრულყოფილ გამოძიებას ითხოვენ. თავად პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა და ოჯახი მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ სამედიცინო დაწესებულებაში ერთ-ერთი ბრალდებული ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა. ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. უწყების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, ამოიღეს კვლევისათვის საჭირო ნიმუშები. ასევე მიმდინარეობს სამართალდამცავების გამოკითხვა და გამოძიებამ მოიპოვა ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერებიც. სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, სრულად უზრუნველყოს ბრალდებულის ოჯახის წევრების ჩართულობა მიმდინარე გამოძიებაში და გააცნოს როგორც ფაქტის ამსახველი, ასევე სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია“, – წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.