ამ დროისათვის 46 ათასზე მეტი ინფიცირებულის მართვა უწევს ქვეყნის ჯანდაცვის სექტორს. ვირუსის გავრცელების სტატისტიკა ისევ მაღალია. შემაშფოთებელია გარდაცვალების მაჩვენებლები, ბოლო ერთ დღეში ვირუსს კიდევ 57 ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. „კოვიდ-19“ კი, გასულ დღე-ღამეში 4 331 მოქალაქეს დაუდასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8, 17% -ით განისაზღვრა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გატარებული ღონისძიებებისა და არსებული სიტუაციის შესახებ საუბრობენ ახლა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, სადაც ამირან გამყრელიძე ამ წუთებში საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.