ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

ცვლილებები საარჩევნო კოდექსში. „ქართული ოცნება“ ახალ ინიციატივას ამ წუთებში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განიხილავს. დღესვე საკითხი იურიდიულ კომიტეტზე გავა.

სიახლის მიხედვით, საარჩევნო სიების ფორმირებისას დეპუტატობის კანდიდატი, შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს.

მომზადებული კანონპროექტის გათვალისწინებით, „საარჩევნო კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად, პარტიას უფლება ექნება პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს. ამ ინიციატივას მმართველი გუნდი მაჟორიტარების ინსტიტუტის გაუქმებით ხსნის. ამავე კანონპროექტში არის ჩადებული საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებაც.

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. პროექტის მიღების შედეგად, საკრებულოს არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ცვლილებებს არ ემხრობა.