ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში

პოლიტიკურ მხარეებს შორის სადავო ხდება „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ განხორციელებული ცვლილებები, რომელიც მმართველმა გუნდმა დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა.

ცვლილებებით მაუწყებლების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების, ტერორიზმის მოწოდებისა და უხამსობის შემთხვევებს კომუნიკაციების კომისია განიხილავს. აქამდე მსგავსი ფაქტები მედია საშუალებების, შიდა ეთიკის სტანდარტებით რეგულირდებოდა და სადავო საკითხებს ეთიკის ქარტია განიხილავდა. ცვლილებით კი, პროცესში კომუნიკაციების კომისია ერთვება, რომელსაც დარღვევის შემთხვევაში მედია საშუალების ჯერ გაფრთხილების, განმეორების შემთხვევებში კი დაჯარიმების უფლება ექნება. ოპოზიცია ცვლილებებს მწვავედ აკრიტიკებს და მმართველ პარტიას მედიაზე ცენზურის დაწესებაში ადანაშაულებს. „ქართული ოცნება“ კი ცვლილების საჭიროებას ევრორეკომენდაციების მეშვიდე პუნქტს უკავშირებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში უზრუნველყოფილი უნდა იყოს თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტული და დამოუკიდებელი მედია გარემო.