ცოფის შემთხვევები და სპეციალისტების რჩევები

აფრიკის დასახლებაში მომხდარი შემთხვევის შემდეგ მიუსაფარ ძაღლებზე მონიტორინგი გაძლიერდა.

ცოფით დაავადებული აღმოჩნდა ძაღლი, რომელსაც რამდენიმე ადამიანთან ჰქონდა შეხება. მიმდებარე ტერიტორიაზე საკარანტინო ზომებს იღებენ. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დასახლებაში 1 200-მდე ძაღლი და კატა აცრეს. ფაქტია, რომ მიუსაფარი ძაღლების ვაქცინაცია ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. თბილისში 35 000-მდე მიუსაფარი ძაღლია აღრიცხული, თუმცა მათი მხოლოდ ნაწილია აცრილი. მარტო წელს დედაქალაქში ცოფის ექვსი, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი 26 შემთხვევაა გამოვლენილი. სპეციალისტები გამოსავალს სტერილიზაციაში ხედავენ, რასაც პარლამენტში უკვე ინიცირებული, თუმცა დროებით შეჩერებული კანონპროექტი ითვალისწინებს.